воскресенье, 25 апреля 2010 г.

თბილისური გართობა


     პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანები სტანდარტულად ცხოვრობდნენ. მაშინ ბევრი რამ ტაბუირებული და ერთგვარად ჩარჩოში იყო მოქცეული . გართობის დრო და სტილიც განსაზღვრული -8, 10საათამდე რუსთაველის პროსპექტზე სეირნობა, თეატრში, კინოში სიარული და ე.წ. სალონური შეხვედრები. ძველი თაობა ამ დროს დიდი კრძალვითა და სიყვარულით იხსენებს, როცა გრძნობები უფრო დაფარული და მორცხვი იყო ვიდრე დღეს, როცა კინოთეატრებში ღამის სეანსზე მოზარდს არავინ შეუშვებდა, იმიტომ რომ დრო იქაც განსაზღვრული იყო - 6 საათი...

დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დღესაც არსებობს კინო, თეატრი, წიგნი , რუსთაველის პროსპექტი მაგრამ მისი ადგილი ნელ-ნელა ე.წ.ახალი ცხოვრების წესმა შეცვალა. დროთა მონაცვლეობამ და საბჭოური სტერეოტიპების რღვევამ  ახალგაზრდობის გართობის ახალი სტილი დაამკვიდრა - ღამის კლუბური ცხოვრება. უამრავი აზრი არსებობს იმის შესახებ საჭიროა თუ არა კლუბური გართობა და საერთოდ რას აძლევს ის ახალგაზრდას, ან ერთგვარ მოდად ხომ არ იქცა ახალგაზრდობისთვის ღამის კლუბებში სიარული და გართობა.  უფროსი თაობისთვის მიუღებელია და წარმოუდგენელი თუ როგორ შეიძლება მოზარდი ღამით სახლიდან გავიდეს ისეთ ადგილას, სადაც ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა მონოტონურად ტვინს გიბურღავს, გოგონები ბიჭებს ეპრანჭებიან, ცოტას ”წრუპავენ”, სიგარეტის ისეთ ბუღში ტრიალებენ, გოგოა თუ ბიჭი რომ ვერ გაარჩევ, სადაც დროის შეგრძნება არ არსებობს, გრძნობები ადვილად მისაწვდომი და ხელშესახებია... დღეს ყველაფერი ეს ძალიან ბუნებრივი და თანამდევია ჩვენი ყოველდღიურობისთვის.

 საქართველოში სულ რაღაც 10 წელია რაც ღამის კლუბის კულტურა ჩამოყალიბდა. პირველი კლუბები თბილისში “berlini”, “joi”. “ajara” იყო, სადაც ქართველმა ახალგაზრდობამ პირველად შეძლო და უბრალოდ, მუსიკას მოუსმინა ხმამაღლა, ისე როm არ ეფიქრა იმაზე Tუ რას ეტყოდა მეზობელი, ოჯახის წევრი, ზოგადად მასზე უფროსი და იფიქრა იმაზე თუ რა ბედნიერია, რომ შეუძლია იყოს თავისუფალი, გათავისუფლებული წუთით მაინც შინაგანი კომპლექსებისგან. საქართველოში ყველაზე წარმატებულ კლუბად ”ajara” -ს მიიჩნევენ, რომლის დახურვაც ქართველი კლაბერებისთვის არც თუ სასიხარულო იყო. მათი აზრით, ის ერთადერთი კლუბი იყო საქართველოში, რომელიც თანამედროვე კლუბის სტანდარტებს შეესაბამებოდა.

ღამის კლუბები ბევრისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა , ახალგაზრდობისთვის ეს ახალი ფენომენი მათი ფინანსების გაუმჯობესების ერთგვარ გარანტი გახდა. “n.o”, “zen”, “cubici”, “tiflis clubi”- თბილისის წამყვან კლუბებში მოხვედრის ასაკი განსაზღვრულია-18 წელი, ისევე როგორც ბილეთის ფასი 20-30 ლარი. თუმცა, თბილისური ნაცნობ-მეგობრობის ინსტიტუტის წყალობით, კლუბებში 15-16 წლის მოზარდებიც ხვდებიან რაც გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის იქ მყოფთ. აქედან გამომდინარე, ხშირია არეულობები და უბედური შემთხვევებიც. თუ რამდენად დაცულია ღამის კლუბში გასართობად მისული ადამიანი, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ კლუბ ”tiflis clubi”-ს  მენეჯერს ბ-ნ ვაკო ქვაჩახიას: ”-ჩემი აზრით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცული არავინაა და და ამიტომაც არსებობს დაცვის სამსახური, რომელიც კლუბში სიმშვიდის ერთგვარი გარანტია. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი საზოგადოება ღამის კლუბებს ეჭვის თვალით უყურებს, ზოგი აქაურობას ახალგაზრდობის გარყვნილების ბუდეს უწოდებს, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს კლუბების არსებობის საჭიროებას. მინდა განვმარტო ერთი რამ, საზოგადოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ასე მგონია რომ დროებითია. სხვა თემაა თუ რამდენად შეესაბამება დღევანდელი არსებული კლუბები თანამედროვე სტანდარტებს.ნელ-ნელა მკვიდრდება ე.წ.”face” კონტროლი, რის გამოც კლუბის კარი ყველასთვის ღია არ არის. ესეც ერთგვარი დაცვის მექანიზმია. ჩვენთან ძირითადად ის ადამიანები დადიან, რომლებსაც სურვილი აქვთ ხარისხიან მუსიკას მოუსმინონ, თუმცა, ბევრისთვის ეს ადგილი მხოლოდ ცეკვისა და გართობის საშუალებაა. ალბათ, დადგება დრო საქართველოშიც და უფრო მეტად დაიხვეწება  და ჩამოყალიბდება კლუბური ცხოვრების კულტურა, ვიდრე დღეს.”

 დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ღამის კლუბები ის ადგილია, სადაც ახალგაზრდობისთვის ადვილად მისაწვდომია ე.წ.ექსტაზი, პლანი თუ სხვა ნარკოტიკული საშუალებები. ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის მესვეურთ თავიანთ არგუმენტი აქვთ. როგორც “cubici”კლუბის dj bako  განმარტავს: ”-ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა თბილისის კლუბებში შესაბამის კანონით ისჯება და არც ერთი კლუბის მეპატრონე ამას არ გარისკავს. თუმცა, ახალგაზრდობა მაინც ახერხებს მისთვის სასურველი საშუალების შეძენას და მიღებას. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში კლუბი არაფერ შუაშია. თუ ვინმეს ექსტაზის დალევა ან პლანის მოწევა მოუნდება, ამას კლუბის გარეშეც მოახერხებს სახლში ან თუნდაც მეგობართან”. რაც არ უნდა უარვყოთ, ჩვენს სინამდვილეში არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულa,  როდესაც კლუბში მკვლელობა ან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება მომხდარა. ასეთი შემთხვევების გამო დაიხურა მაგალითად, ”ajara” და ”gvirabi”.

ამართლებს თუ არა საქართველოში კლუბური ცხოვრება? დღევანდელი მდგომარეობით, ალბათ, არა და ეს წარუმატებლობა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ თავად საზოგადოებაში არ ამაღლდება კლუბური ცხოვრების კულტურა. erT_erTi  კლუბის მოყვარულის (ბექა 22 წლის) აზრით: ”- იმიტომ რომ პიარი საშინელია, ყველა კლუბის მეპატრონე ცდილობს მეტი მოგება ნახოს ამაში და უფრო გრძელვადიან გათვლებს არ აკეთებს კლუბის სასარგებლოდ და არც ხალხის კონტინგენტს და არც მუსიკას ყურადღებას არ აქცევს. დღეს უმეტესობა კლუბში დასალევად და საცეკვაოდ დადის, მეც მათ შორის, თუმცა, შემიძლია გითხრათ რომ უკეთესი კლუბები არ გვაწყენდა”.

2009 წლის ოქტომბერში რეპრეზენტატული კვლევის მონაცემები ცხადყოფს, 2009 წლის შემოდგომაზე (ბოლო სამი თვის მანძილზე) ყოველი მესამე ზრდასრული თბილისელი ერთხელ მაინც სტუმრობდა დედაქალაქის კაფე-ბარებს. ვიზიტორთა 19%  შეიძლება ითქვას კაფე-ბარების   საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. თბილისში კაფე-ბარების ვიზიტორთა დემოგრაფიული პროფილის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ყველაზე აქტიურად წელს კაფე-ბარებს 16-24 წლის ახალგაზრდები სტუმრობდნენ, მათ შორის უფრო მეტად მამაკაცები.

 

 ჩვენთან აქტიურადაა დამკვიდრებული ასევე სეზონური კლუბები, რომელთა არსებობაც, რა თქმა უნდა დროებითია და რომელთა მეპატრონეებიც ძირითადად მოგებაზე არიან ორიენტირებულნი: ბათუმში ”prozak”, გონიოში ”switch”, ”vitamin”, ქუთაისში ”სულიკო” და ა.შ.

საზოგადოებისთვის ღამის კლუბებისადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება გარკვეულწილად მათი მდებარეობიდან გამომდინარეცაა. თბილისში მინი-კლუბებით პეროვსკაია და შარდენია გადატვირთული. გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული კაფე-ბარებიდან და კლუბებიდან სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის მუსიკა ისმის, რაც მოსახლეობაში გაღიზიანებას იწვევს.  ამიტომაც კლუბის ადმინისტრაცია ხშირად იღებს გაფრთხილებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიას სპეციალური სანქციებიც აქვს დაწესებული. I სანქცია 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას გულისხმობს, ხოლო მეორედ დაჯარიმების შემთხვევაში 1500ლ-ს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დავით ავალიანის განცხადებით: -” მოსახლეობა თითქმის ყოველდღე მოგვმართავს ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი მუშავდება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, იმ კაფე-ბარებსა თუ კლუბებში, რომლებიც დასახლებულ ადგილებთან ახლოს არიან განლაგებულნი, ღამის 12 სთ-ის შემდეგ აეკრძალებათ ხმამაღალი მუსიკა, უფრო კონკრეტულად, 11 სთ-დან 12 სთ-მდე 30 დეციფატის(xmis erTeuli) გამოყენების უფლება ექნებათ მეპატრონეებს, 12 სთ-ის შემდეგ კი როგორც აღვნიშნე, საერთოდ აიკრძალება ხმამაღალი მუსიკის მოსმენა”.

მიუხედავად საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც კლუბი უბრალოდ განტვირთვის ადგილი არაა, ის მათთვის ცხოვრების წესია. ისინი წერენ ხარისხიან და გემოვნებიან კლუბურ მუსიკას, ქმნიან ვიზუალს და შემდეგ საკუთარ შემოქმედებას კლუბში წარმოაჩენენ, თუმცა ასეთი ე.წ. გემოვნებიანი კლუბი თბილისში ცოტაა, იმიტომ რო მოთხოვნა ასეთ კლუბზე საზოგადოებაში არც ისე დიდია, რამეთუ დღევანდელი კლუბების უმეტესობა ძირითადად ე.წ. თინეიჯერებზეა გათვლილი, რომელთაც გემოვნებიან თუ უგემოვნებო მუსიკაზე პრეტენზია ნაკლებად ააქვთ.

 და ბოლოს, დრო ყველაფერს შეცვლის, შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება,  დაიხვეწება თავად კლუბური ცხოვრება და ისიც ისეთივე ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში როგორც  სხვა ნებისმიერი გასართობი საშუალება. ის რომ, კლუბები ჩვენს სინამდვილეში გარკვეულწილად მიუღებელი და გამაღიზიანებელია, გასაგებია, რამეთუ, ის რაც დღეს ჩემთვის მისაღებია, დროთა განმავლობაში, ალბათ, გამაღიზიანებს და ჩემთვისაც მიუღებელი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აქტიური კლუბური ცხოვრებით ვცხოვრობ.

იმიტირებული



არც გორის რაიონის სოფელ ნიქოზში, არც ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში და არც სხვა რეგიონსა თუ თავად დედაქალაქში ხალხმა ყურადღება არ მიაქცია მხოლოდ ერთხელ ნათქვამ სიტყვას “მოდელირებული" ან სულაც ვერ გაიგო მისი მნიშვნელობა და ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” რეალობად აღიქვა.გადაცემაში 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციისა და ჯარის ნაწილების მტრის მხარეზე გადასვლის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. თავზარდამცემი ამბების მოსმენის შემდეგ არავის მიუქცევია ყურადღება არც მოვლენათა თარიღისთვის - 2010 წლის 7 ივნისისთვის და არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ნაცნობი კადრებისთვის. მოსახლეობა ჯერ დაიზაფრა და შემდეგ პანიკის ელემენტებიც გაჩნდა.ყალბი ახალი ამბების გამო საზოგადოება პანიკაში ჩავარდა. გადაიტვირთა სატელეფონი ქსელი, ქუჩაში საცობი გაჩნდა, ხალხი პირველადი მოთხოვნის პროდუქტის ყიდვას ჩქარობდა. თბილისის მოსახლეობა ქალაქიდან გასვლას ცდილობდა.მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გადაცემა იმიტირებული იყო და ტელევიზიამ სერიოზული დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების წინაშე, გაჩნდა კითხვა ვინ არის ამაში დამნაშავე? დაარღვია თუ არა ,,იმედმა“ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“?“იმედის” ეთერში იმიტირებული “ქრონიკის” გასვლის დროს, პირველ რიგში, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი დაირღვა, სადაც მითითებულია, რომ საინფორმაციო ან საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამებში მაუწყებელმა სასურველია, მოდელირების ან ინსცენირების რაიმე დადგმები არ გამოიყენოს. ხოლო, თუკი ეს აუცილებლობით არის გამოწვეული, მაშინ მთელი ასეთი სცენის მიმდინარეობის დროს შესაბამისი განმარტება უნდა იყოს მითითებული, რაც “იმედმა” არ გააკეთა.სამართლებრივი რეგულირების უფროსის კახი ყურაშვილის განმარტებით, ,,ტელეიმედს“ ბოდიშის მოხდა დაევალა საზოგადოების წინაშე იმ ინსცენირების გამო , რომელმაც მღელვარება გამოიწვია.ტელეკომპანია “იმედის” დირექტორმა გიორგი არველაძემ სოციალური ქსელი ფაცებოოკის საშუალებით განცხადება გააკეთა: “"ვიცი, ჩემი კომენტარი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს აქ ახლა.. არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ მინდა... უბრალოდ, თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს, საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 1921 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრა დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა. მე მგონი, მთავარია იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ, რაც გვგონია, რომ ხდება, არამედ სწორად შევაფასოთ ის მოვლენები რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს მაგ უბედურებამდე. ისე, უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი.. მაგრამ იმედია ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის, რაც იმ გადაცემაში იყო, არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად. პათეტიკის გარეშე, სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ.”თავად ქრონიკის წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი კოლეგებმა დაუნდობლად გაკრიტიკეს, უწინასწარმეტყველეს როგორც საინფორმაციოს წამყვანს საზოგადოების უნდობლობა. მისი თქმით ის გაფრთხილებული იყო, რომ ტიტრი გავიდოდა, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა. კითხვაზე თუ რა რეაქცია ქონდა როცა დაიწყო გადაცემა და ტიტრი ვერ დაინახა, ლაშამ განაცხადა: “წამყვანმა დიდი შესავლით დაიწყო და ჩემი ფიქრი იქითკენ არ წასულა, რომ მაყურებელი, რომელიც მერე ჩაერთვებოდა, ვეღარ მიხვდებოდა ვერაფერს. მერე და მერე მივხვდი, რომ ვინც გადაცემის ყურებას შუა ნაწილიდან დაიწყებდა , მას ეს ყოველივე სინამდვილედ მოეჩვენებოდა. თან, თბილისი მაინც დედაქალაქია და კომუნიკაციის მეტი საშუალებაა, დევნილების წინაშე კი ყველაზე მეტად გვაქვს ბოდიში მოსახდელი”. “სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანი ნათია კობერიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია. იგი მომხდარზე პირად პასუხისმგებლობას არ აღიარებს. მას ეჭვქვეშაც არ დაუყენებია, რომ ტიტრს არ დადებდნენ. მისი აზრით უნდა მოხდეს არხის იმიჯის რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება.. მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კობერიძეს ქარტიას დაატოვებინებენ. მიუხედავად ამისა, ეთერ თურაძე, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ,"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო არ აპირებს ჟურნალისტ ნათია კობერიძის ქარტიიდან გარიცხვას". მიზეზად კი გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი განმარტავს, რომ საბჭო არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და საბჭოს ჟურნალისტების ქარტიიდან გარიცხვის უფლება წესდების მიხედვით არა აქვს. სულ რაღაც ერთი თვის წინ ამ გადაცემის წამყვანი ყველასთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი ვახო სანაია იყო. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი თითქოს სანაიამ გადაცემა იმიტომ დატოვა, რომ წინასწარ იცოდა “იმიტირებული ქრონიკის” შესახებ. თავად ჟურნალისტი ამ ფაქტს უარყოფს.ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, ”ტელეიმედისთვის” ლიცენზიის დროებით შეჩერებას ითხოვს მარეგულირებელი კომისიისგან. ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი, რომელიც გადაცემაში მიწვეული სტუმარი იყო კი იმედოვნებს, რომ ამ გაკვეთილით ”ისინი რამეს ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ.”ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასული გამოგონილი 30-წუთიანი ამბავი არც საქართველოს პრეზიდენტის ყურადღების მიღმა დარჩა. სააკაშვილის შეფასებით, ~ქრონიკის~ მოდელირებული გამოშვება ძალიან არასასიამოვნო იყო. უსამართლოდ იყო მინიშნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, თითქოს მათი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდა.“ჩემზე რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ ჯართან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს არის ის, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას~, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, საქართველოს წინააღმდეგ მთავარი რეჟისორი ისევ წერს სცენარებს და ეს სცენარები ახლოსაა იმ ინფორმაციასთან, რაც ~ქრონიკის~ მოდელირებულ გამოშვებაში გავიდა.“ გადაცემა ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც დადგმული ”ქრონიკის” დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, ”სპეციალური რეპორტაჟის” სტუდიაში პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე მივიდა, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნამდე თავად “ქრონიკის” წამყვანი იყო. “აქ მე საქართველოს პრეზიდენტმა გამომგზავნა, რათა გადმომეცა თქვენთვის, რომ როდესაც მსგავსი გადაცემა მაშინ მზადდება, როცა მართლაც არსებობს ასეთი საფრთხეები, წინასწარი მოკლე გაფრთხილების გარდა, მუდმივი გამაფრთხილებელი წარწერა აუცილებელად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის მთელ პერიოდში,”- განაცხადა მან. “მოდელირებული ქრონიკ” -ით დაირღვა დიპლომატიური ეტიკეტიც, როცა გათამაშდა, თითქოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩეხეთის ელჩებმა განცხადებები გააკეთეს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი დენის კიფი პროტესტს გამოთქვამს “იმიტირებულ სიუჟეტში” ვითომდა მისი განცხადების გამოყენების გამო, რაც მისივე თქმით, ელჩის უპატივცემულობაა. “მინდა განვმარტო, რომ არც მე და არც ბრიტანეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ გვქონია ამ უპასუხისმგებლო პროგრამასთან, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში,”- წერს ელჩი.“მოდელირებულმა" ამბავმა, რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღაშფოთა. რაც შეეხება არასახელისუფლებო პოლიტიკური სპექტრის ნაწილს - მათ მყისიერად გამოხატეს აქტიურობა გადაცემის დამთავრებისთანავე ტელეკომპანიასთან მისვლით, შესაბამისი კომენტარების გაკეთებით და გადაცემაში მონაწილე სტუმრების გინებით და ფურთხებით. მათ შორის ისინიც იყვნენ, რომლებიც იმიტირებულ სიუჟეტებშიც ფიგურირებდნენ. “იმედთან" შეკრებილი ოპოზიცია შექმნილ სიტუაციაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა. ნინო ბურჯანაძის პარტიის პოზიცია ასეთია, მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც პრაქტიკულად მთელი სატელევიზიო სივრცე მონოპოლიზირებული აქვს, პირადად გეგმავს და აკონტროლებს მათ სარედაქციო პოლიტიკას. ამ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ინფორმაციული ტერორის მეშვეობით ქვეყანაში შექმნას ვირტუალური რეალობა და ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ ვინმეს აწყობს ის შესაძლო რეალობა, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მეშვეობით წარუდგინეს საქართველოს მოსახლეობას, ეს სააკაშვილია, რადგან მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მხოლოდ მუდმივ საომარ საფრთხეებზე აპელირება და მოსახლეობის დატერორებაა.პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, “ტელეიმედის” ეთერში გუშინ გასულმა იმიტირებულმა სიუჟეტმა პირველ რიგში ხელისუფლება დააზარალა და, შესაბამისად, იგი აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, თითქოს ეს ყველაფერი ხელისუფლების იდეა იყო. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც მოხდა გუშინ, ეს იყო მიუღებელი მთლიანად საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის. მისივე თქმით, ეს იყო მაგალითი, თუ როგორ არ შეიძლება გაკეთდეს ინფორმაცია. “ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ქართველი ჯარისა, რომელმაც დაიცვა საქართველო და დღესაც იცავს”, - განაცხადა მაჭავარიანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თავადაც დიდ გაურკვევლობასა და უხერხულობაში აღმოჩნდა, რადგან მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ბევრი ადამიანი უკავშირდებოდა ამ სიუჟეტის გასვლისას და ეკითხებოდნენ თუ რა ხდება რეალობაში. “არხის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და დაუშვებელია მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.”, - განაცხადა მაჭავარიანმა.ტელეკომპანია "იმედი"–ს მოდელირებული გამოშვება უცხოური და რუსული მედიის რეპორტაჟების მთავარი თემა გახდა. ტელეარხები და ინტერნეტგამოცემები დეტალურად გადასცემდნენ გასული სიუჟეტის შემდეგ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. BBS-ს ცნობით, სიუჟეტის გამო, რომელმაც მთელს საქართველოში პანიკა გამოიწვია, ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ტელევიზიას "საყვედური გამოუცხადა".SNN წერს, რომ ქართულმა ტელეკომპანიამ პანიკას დაუდო სათავე, როდესაც რუსეთის ყალბი შემოჭრის შესახებ ნახევარსაათიანი გადაცემა გააკეთა.მოდელირებულ გამოშვებასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი იმიტირებულ სიუჟეტს პროვოკაციას უწოდებს. "სამწუხაროდ, იმედი სააკაშვილის სრულ კონტროლქვეშაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროვოკაცია სწორედ მისი რეჟიმის ხელით არის გაკეთებული" – განაცხადა კოსაჩოვმა, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "ვრემიას" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, სააკაშვილის აჟამინდელი სცენარი იდენტურია 2008 წლის აგვისტოს სცენარისა. "ეს არის ისტერიის და შეგრძნების დათესვა, რომ რუსეთს რაღაც აქვს ჩაფიქრებული, ოსეთი რაღაცას აპირებს და ყოველივე ამას პასუხი უნდა გაეცეს. "ეს პრიმიტიული თამაში და პროვოკაცია არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც უნდა შეაფასოს" აცხადებს კოსაჩოვი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, “მოდელირებულ ქრონიკას” სიტუაციის დესტაბილიზება შეეძლო. მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემებს ადმინისტრაციულ საზღვრებთან სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვს და შესაძლებელი იყო, სახიფათო და არსებითი ინციდენტები მომხდარიყო. “მივმართავთ პასუხისმგებელ პირებს, მომავალში მთლიანად გაიაზრონ მათი ქმედებების მნიშვნელობა. ეს უნდა პასუხობდეს ყველას ინტერესს, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა”, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მისიის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.იმედის ეთერში გასული სკანდალური მომავლის ქრონიკას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ც გამოეხმაურა: “‘არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს. ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ’’, - ბრძანებს უწმინდესი.“სკანდალური ქრონიკის” შემდეგ მედია სივრცეში გამოჩნდა აუდიოჩანაწერები, სადაც ტელეკომპანია “იმედი”_ის დირექტორი გიორგი არველაძე და გადაცემა სპეციალური რეპორტაჟის პროდიუსერი თეა წამალაშვილი “იმიტირებულ ქრონიკას “ გეგმავდნენ. თავად ეკა წამალაშვილი კი ამ ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, ამ საუბარში მე მონაწილეობა არ მიმიღია. რადგან ჩემსა და გიორგი არველაძის, როგორც სატელეფონო, ასევე პრივატულ საუბრებში სხვა ადამიანების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების რეკომენდაციები არასდროს ფიგურირებდა... ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი. მათ გარკვეული დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ დიდი აჟიოტაჟის მერე ეს მონტაჟი ასეთი სრულყოფილი სახით მოეწოდებინათ.” წამალაშვილი “ტელეიმედის” პოზიციას შეუერთდა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.გავრცელებულ აუდიომასალაში რუსეთის კვალს არ გამორიცხავს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა მან მინიშნება განსხვავებული კუთხით გააკეთა. “ვანო მერაბიშვილი თუ აკონტროლებს ჩემი კოლეგებისა და ჩემს საუბარს, რატომ გიკვირთ, რომ რუსეთმა შეიძლება თურქეთიდან თბილისში დარეკილ სატელეფონო საუბარს მოუსმინოს, აქ დაუჯერებელი არაფერია,” –აღნიშნავს ალასანია.ჩვენი ქვეყნის გარდა იმიტირებული გამოშვებები ამერიკასა და ბელგიაშიც პოპულარულია. შეერთებულ შტატებში ორსონ უელსმა ქვეყნის მოსახლეობა უცხოპლანეტელების შემოსევაში დაარწმუნა. რასაც მასობრივი არეულობა მოჰყვა. ასევე ბელგიის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც მაღალპროფესიულად იყო შესრულებული სიუჟეტი იმის შესახებ, რა მოელოდა ქვეყანას მისი ორად გაყოფის შემთხვევაში. იქ ტიტრი კი ედო, მაგრამ მოსახლეობაში მაინც დიდი პანიკა ატყდა, ტიტრი აღარავის ახსოვდა. იმედის იმიტირებული ქრონიკის გამოშვებამ მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანიის იმიჯი შელახა. მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია მინიმალური სასჯელით დაისაჯა და მხოლოდ ბოდიშის მოხდა დევალა, მაინც დიდი დანაკლისი განიცადა, იმედმა საზოგადოების თვალში ნდობა დაკარგა, შესაბამისად შემცირდა მისი რეიტინგი. ეს კი ნებისმიერი მედია სუბიექტისთვის ყველაზე დიდი დანაკლისია.

пятница, 9 апреля 2010 г.



მიყვარს, მშია, დავიღალე, მეძინება, კაი ფილმი არ იცით?! და უცხოები ნუ შემაწუხებთ _ ასეთი შინაარსის ჩანაწერებს ყოველდღე ვხვდებით იმ სოციალურ ქსელში, სადაც 400 მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ადამინები გაღვიძების, ხელ-პირის დაბანის და საუზმობის შემდეგ პირველი რასაც აკეთებენ ამ ჯადოსნურ ქსელში ერთვებიან. არიან გამონაკლისები, ისინი ვინც სამსახურში მიდიან ამ პროცედურას სწორედ იქ ჩადიან. 2004 წლის 4 თებერვალს გაჩნდა ის სასწაული, რომელმაც მსოფლიაო უმრავლესობა “დაასაქმა”. მისი სულის ჩამდგმელი 25 წლის ახალგაზრდა მარკ ცუკერბერგია. facebook_ის დახმარებით იგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია, სულ რაღაც 4 მილიარდის მფლობელი. აქვს ამ საიტს რაღაც, ვინც კი ერთხელ მაინც შევა მის სამყაროში უკან აღარ ბრუნდება. მართლაც სად შევხვდებით ვირტუალურ ფერმერს, ელექტრონულ კატას და love box თუ არა facebook _ზე. 

პ.ს ერთ-ერთი საიტის მეშვეობით გავიგე ოქტომბერში facebook -ზე და ის შემქნელზე თურმე ფილმი უნდა გამოსულიყო, სადაც მთავარ როლს ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესი ეიზნბერგი შეასრულებდნენ. ფილმი კომედიური ჯანრის იქნებოდა და მისი ბიუჯეტი 47 მილიონს შეადგენდა.

http://www.facebook.com/index.php?lh=e4cb69846f573acf7e6630ea60ffc5a5&eu=B3OQrq0oDnOEVScK8jqinw

среда, 7 апреля 2010 г.


თითქოს XXI საუკუნეში მედია საშვალებები იმდენად დემოკრატიულია, რომ ჟურნალისტებს და არა მარტო ჟურნელისტებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ იმაზე ფიქრი თუ სად შეიძლება გამოხატონ საკუთარი აზრები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ეს კიდევ ასეა. არსებობს google.com_ს სერვისი blogger.com სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრები, გამოხატოს მისი ის შეხედულებები, რომლებსაც რაღაც მიზეზების გამო მედია საშვალებებით ვერ ავრცელებენ. თანამედროვე ცხოვრებაში ბლოგი ძალიან პოპულარული და მოსახერხებელია.