воскресенье, 25 апреля 2010 г.

იმიტირებული



არც გორის რაიონის სოფელ ნიქოზში, არც ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში და არც სხვა რეგიონსა თუ თავად დედაქალაქში ხალხმა ყურადღება არ მიაქცია მხოლოდ ერთხელ ნათქვამ სიტყვას “მოდელირებული" ან სულაც ვერ გაიგო მისი მნიშვნელობა და ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” რეალობად აღიქვა.გადაცემაში 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციისა და ჯარის ნაწილების მტრის მხარეზე გადასვლის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. თავზარდამცემი ამბების მოსმენის შემდეგ არავის მიუქცევია ყურადღება არც მოვლენათა თარიღისთვის - 2010 წლის 7 ივნისისთვის და არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ნაცნობი კადრებისთვის. მოსახლეობა ჯერ დაიზაფრა და შემდეგ პანიკის ელემენტებიც გაჩნდა.ყალბი ახალი ამბების გამო საზოგადოება პანიკაში ჩავარდა. გადაიტვირთა სატელეფონი ქსელი, ქუჩაში საცობი გაჩნდა, ხალხი პირველადი მოთხოვნის პროდუქტის ყიდვას ჩქარობდა. თბილისის მოსახლეობა ქალაქიდან გასვლას ცდილობდა.მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გადაცემა იმიტირებული იყო და ტელევიზიამ სერიოზული დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების წინაშე, გაჩნდა კითხვა ვინ არის ამაში დამნაშავე? დაარღვია თუ არა ,,იმედმა“ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“?“იმედის” ეთერში იმიტირებული “ქრონიკის” გასვლის დროს, პირველ რიგში, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი დაირღვა, სადაც მითითებულია, რომ საინფორმაციო ან საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამებში მაუწყებელმა სასურველია, მოდელირების ან ინსცენირების რაიმე დადგმები არ გამოიყენოს. ხოლო, თუკი ეს აუცილებლობით არის გამოწვეული, მაშინ მთელი ასეთი სცენის მიმდინარეობის დროს შესაბამისი განმარტება უნდა იყოს მითითებული, რაც “იმედმა” არ გააკეთა.სამართლებრივი რეგულირების უფროსის კახი ყურაშვილის განმარტებით, ,,ტელეიმედს“ ბოდიშის მოხდა დაევალა საზოგადოების წინაშე იმ ინსცენირების გამო , რომელმაც მღელვარება გამოიწვია.ტელეკომპანია “იმედის” დირექტორმა გიორგი არველაძემ სოციალური ქსელი ფაცებოოკის საშუალებით განცხადება გააკეთა: “"ვიცი, ჩემი კომენტარი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს აქ ახლა.. არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ მინდა... უბრალოდ, თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს, საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 1921 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრა დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა. მე მგონი, მთავარია იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ, რაც გვგონია, რომ ხდება, არამედ სწორად შევაფასოთ ის მოვლენები რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს მაგ უბედურებამდე. ისე, უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი.. მაგრამ იმედია ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის, რაც იმ გადაცემაში იყო, არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად. პათეტიკის გარეშე, სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ.”თავად ქრონიკის წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი კოლეგებმა დაუნდობლად გაკრიტიკეს, უწინასწარმეტყველეს როგორც საინფორმაციოს წამყვანს საზოგადოების უნდობლობა. მისი თქმით ის გაფრთხილებული იყო, რომ ტიტრი გავიდოდა, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა. კითხვაზე თუ რა რეაქცია ქონდა როცა დაიწყო გადაცემა და ტიტრი ვერ დაინახა, ლაშამ განაცხადა: “წამყვანმა დიდი შესავლით დაიწყო და ჩემი ფიქრი იქითკენ არ წასულა, რომ მაყურებელი, რომელიც მერე ჩაერთვებოდა, ვეღარ მიხვდებოდა ვერაფერს. მერე და მერე მივხვდი, რომ ვინც გადაცემის ყურებას შუა ნაწილიდან დაიწყებდა , მას ეს ყოველივე სინამდვილედ მოეჩვენებოდა. თან, თბილისი მაინც დედაქალაქია და კომუნიკაციის მეტი საშუალებაა, დევნილების წინაშე კი ყველაზე მეტად გვაქვს ბოდიში მოსახდელი”. “სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანი ნათია კობერიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია. იგი მომხდარზე პირად პასუხისმგებლობას არ აღიარებს. მას ეჭვქვეშაც არ დაუყენებია, რომ ტიტრს არ დადებდნენ. მისი აზრით უნდა მოხდეს არხის იმიჯის რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება.. მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კობერიძეს ქარტიას დაატოვებინებენ. მიუხედავად ამისა, ეთერ თურაძე, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ,"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო არ აპირებს ჟურნალისტ ნათია კობერიძის ქარტიიდან გარიცხვას". მიზეზად კი გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი განმარტავს, რომ საბჭო არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და საბჭოს ჟურნალისტების ქარტიიდან გარიცხვის უფლება წესდების მიხედვით არა აქვს. სულ რაღაც ერთი თვის წინ ამ გადაცემის წამყვანი ყველასთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი ვახო სანაია იყო. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი თითქოს სანაიამ გადაცემა იმიტომ დატოვა, რომ წინასწარ იცოდა “იმიტირებული ქრონიკის” შესახებ. თავად ჟურნალისტი ამ ფაქტს უარყოფს.ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, ”ტელეიმედისთვის” ლიცენზიის დროებით შეჩერებას ითხოვს მარეგულირებელი კომისიისგან. ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი, რომელიც გადაცემაში მიწვეული სტუმარი იყო კი იმედოვნებს, რომ ამ გაკვეთილით ”ისინი რამეს ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ.”ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასული გამოგონილი 30-წუთიანი ამბავი არც საქართველოს პრეზიდენტის ყურადღების მიღმა დარჩა. სააკაშვილის შეფასებით, ~ქრონიკის~ მოდელირებული გამოშვება ძალიან არასასიამოვნო იყო. უსამართლოდ იყო მინიშნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, თითქოს მათი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდა.“ჩემზე რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ ჯართან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს არის ის, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას~, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, საქართველოს წინააღმდეგ მთავარი რეჟისორი ისევ წერს სცენარებს და ეს სცენარები ახლოსაა იმ ინფორმაციასთან, რაც ~ქრონიკის~ მოდელირებულ გამოშვებაში გავიდა.“ გადაცემა ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც დადგმული ”ქრონიკის” დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, ”სპეციალური რეპორტაჟის” სტუდიაში პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე მივიდა, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნამდე თავად “ქრონიკის” წამყვანი იყო. “აქ მე საქართველოს პრეზიდენტმა გამომგზავნა, რათა გადმომეცა თქვენთვის, რომ როდესაც მსგავსი გადაცემა მაშინ მზადდება, როცა მართლაც არსებობს ასეთი საფრთხეები, წინასწარი მოკლე გაფრთხილების გარდა, მუდმივი გამაფრთხილებელი წარწერა აუცილებელად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის მთელ პერიოდში,”- განაცხადა მან. “მოდელირებული ქრონიკ” -ით დაირღვა დიპლომატიური ეტიკეტიც, როცა გათამაშდა, თითქოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩეხეთის ელჩებმა განცხადებები გააკეთეს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი დენის კიფი პროტესტს გამოთქვამს “იმიტირებულ სიუჟეტში” ვითომდა მისი განცხადების გამოყენების გამო, რაც მისივე თქმით, ელჩის უპატივცემულობაა. “მინდა განვმარტო, რომ არც მე და არც ბრიტანეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ გვქონია ამ უპასუხისმგებლო პროგრამასთან, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში,”- წერს ელჩი.“მოდელირებულმა" ამბავმა, რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღაშფოთა. რაც შეეხება არასახელისუფლებო პოლიტიკური სპექტრის ნაწილს - მათ მყისიერად გამოხატეს აქტიურობა გადაცემის დამთავრებისთანავე ტელეკომპანიასთან მისვლით, შესაბამისი კომენტარების გაკეთებით და გადაცემაში მონაწილე სტუმრების გინებით და ფურთხებით. მათ შორის ისინიც იყვნენ, რომლებიც იმიტირებულ სიუჟეტებშიც ფიგურირებდნენ. “იმედთან" შეკრებილი ოპოზიცია შექმნილ სიტუაციაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა. ნინო ბურჯანაძის პარტიის პოზიცია ასეთია, მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც პრაქტიკულად მთელი სატელევიზიო სივრცე მონოპოლიზირებული აქვს, პირადად გეგმავს და აკონტროლებს მათ სარედაქციო პოლიტიკას. ამ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ინფორმაციული ტერორის მეშვეობით ქვეყანაში შექმნას ვირტუალური რეალობა და ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ ვინმეს აწყობს ის შესაძლო რეალობა, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მეშვეობით წარუდგინეს საქართველოს მოსახლეობას, ეს სააკაშვილია, რადგან მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მხოლოდ მუდმივ საომარ საფრთხეებზე აპელირება და მოსახლეობის დატერორებაა.პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, “ტელეიმედის” ეთერში გუშინ გასულმა იმიტირებულმა სიუჟეტმა პირველ რიგში ხელისუფლება დააზარალა და, შესაბამისად, იგი აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, თითქოს ეს ყველაფერი ხელისუფლების იდეა იყო. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც მოხდა გუშინ, ეს იყო მიუღებელი მთლიანად საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის. მისივე თქმით, ეს იყო მაგალითი, თუ როგორ არ შეიძლება გაკეთდეს ინფორმაცია. “ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ქართველი ჯარისა, რომელმაც დაიცვა საქართველო და დღესაც იცავს”, - განაცხადა მაჭავარიანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თავადაც დიდ გაურკვევლობასა და უხერხულობაში აღმოჩნდა, რადგან მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ბევრი ადამიანი უკავშირდებოდა ამ სიუჟეტის გასვლისას და ეკითხებოდნენ თუ რა ხდება რეალობაში. “არხის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და დაუშვებელია მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.”, - განაცხადა მაჭავარიანმა.ტელეკომპანია "იმედი"–ს მოდელირებული გამოშვება უცხოური და რუსული მედიის რეპორტაჟების მთავარი თემა გახდა. ტელეარხები და ინტერნეტგამოცემები დეტალურად გადასცემდნენ გასული სიუჟეტის შემდეგ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. BBS-ს ცნობით, სიუჟეტის გამო, რომელმაც მთელს საქართველოში პანიკა გამოიწვია, ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ტელევიზიას "საყვედური გამოუცხადა".SNN წერს, რომ ქართულმა ტელეკომპანიამ პანიკას დაუდო სათავე, როდესაც რუსეთის ყალბი შემოჭრის შესახებ ნახევარსაათიანი გადაცემა გააკეთა.მოდელირებულ გამოშვებასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი იმიტირებულ სიუჟეტს პროვოკაციას უწოდებს. "სამწუხაროდ, იმედი სააკაშვილის სრულ კონტროლქვეშაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროვოკაცია სწორედ მისი რეჟიმის ხელით არის გაკეთებული" – განაცხადა კოსაჩოვმა, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "ვრემიას" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, სააკაშვილის აჟამინდელი სცენარი იდენტურია 2008 წლის აგვისტოს სცენარისა. "ეს არის ისტერიის და შეგრძნების დათესვა, რომ რუსეთს რაღაც აქვს ჩაფიქრებული, ოსეთი რაღაცას აპირებს და ყოველივე ამას პასუხი უნდა გაეცეს. "ეს პრიმიტიული თამაში და პროვოკაცია არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც უნდა შეაფასოს" აცხადებს კოსაჩოვი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, “მოდელირებულ ქრონიკას” სიტუაციის დესტაბილიზება შეეძლო. მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემებს ადმინისტრაციულ საზღვრებთან სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვს და შესაძლებელი იყო, სახიფათო და არსებითი ინციდენტები მომხდარიყო. “მივმართავთ პასუხისმგებელ პირებს, მომავალში მთლიანად გაიაზრონ მათი ქმედებების მნიშვნელობა. ეს უნდა პასუხობდეს ყველას ინტერესს, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა”, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მისიის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.იმედის ეთერში გასული სკანდალური მომავლის ქრონიკას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ც გამოეხმაურა: “‘არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს. ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ’’, - ბრძანებს უწმინდესი.“სკანდალური ქრონიკის” შემდეგ მედია სივრცეში გამოჩნდა აუდიოჩანაწერები, სადაც ტელეკომპანია “იმედი”_ის დირექტორი გიორგი არველაძე და გადაცემა სპეციალური რეპორტაჟის პროდიუსერი თეა წამალაშვილი “იმიტირებულ ქრონიკას “ გეგმავდნენ. თავად ეკა წამალაშვილი კი ამ ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, ამ საუბარში მე მონაწილეობა არ მიმიღია. რადგან ჩემსა და გიორგი არველაძის, როგორც სატელეფონო, ასევე პრივატულ საუბრებში სხვა ადამიანების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების რეკომენდაციები არასდროს ფიგურირებდა... ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი. მათ გარკვეული დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ დიდი აჟიოტაჟის მერე ეს მონტაჟი ასეთი სრულყოფილი სახით მოეწოდებინათ.” წამალაშვილი “ტელეიმედის” პოზიციას შეუერთდა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.გავრცელებულ აუდიომასალაში რუსეთის კვალს არ გამორიცხავს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა მან მინიშნება განსხვავებული კუთხით გააკეთა. “ვანო მერაბიშვილი თუ აკონტროლებს ჩემი კოლეგებისა და ჩემს საუბარს, რატომ გიკვირთ, რომ რუსეთმა შეიძლება თურქეთიდან თბილისში დარეკილ სატელეფონო საუბარს მოუსმინოს, აქ დაუჯერებელი არაფერია,” –აღნიშნავს ალასანია.ჩვენი ქვეყნის გარდა იმიტირებული გამოშვებები ამერიკასა და ბელგიაშიც პოპულარულია. შეერთებულ შტატებში ორსონ უელსმა ქვეყნის მოსახლეობა უცხოპლანეტელების შემოსევაში დაარწმუნა. რასაც მასობრივი არეულობა მოჰყვა. ასევე ბელგიის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც მაღალპროფესიულად იყო შესრულებული სიუჟეტი იმის შესახებ, რა მოელოდა ქვეყანას მისი ორად გაყოფის შემთხვევაში. იქ ტიტრი კი ედო, მაგრამ მოსახლეობაში მაინც დიდი პანიკა ატყდა, ტიტრი აღარავის ახსოვდა. იმედის იმიტირებული ქრონიკის გამოშვებამ მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანიის იმიჯი შელახა. მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია მინიმალური სასჯელით დაისაჯა და მხოლოდ ბოდიშის მოხდა დევალა, მაინც დიდი დანაკლისი განიცადა, იმედმა საზოგადოების თვალში ნდობა დაკარგა, შესაბამისად შემცირდა მისი რეიტინგი. ეს კი ნებისმიერი მედია სუბიექტისთვის ყველაზე დიდი დანაკლისია.

Комментариев нет:

Отправить комментарий